Thursday, November 27, 2008

ბიოგრაფია

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან , შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და ჩვენი მომავალი პოეტი აქ დაბადებულა. მისი მშობლები მალე ისევ თიანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად დ ამირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.
მირზამ 1935წ დაამთავრა თიანეთია პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. ასევე მუშაობდა გამომცემლბა ,,ფედერაციაში“, ,,საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935წლიდან იბეჭდებოდა ,,ჩვენს თაობაში“, ასევე სხვა ჯურნალ-გაზეთებში.
1939წ მირზა წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა 1944წლის ივლისში, სსრკ-გერმანიის ომის მიწურულს. დაკრძალულია ბელორუსიაში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის სასაფლაოზე.
მირზა იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი ხალისი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: ,,თუშის ქალი წყაროზე“, ,,ცხრაკარა“, ,,შავლეგო“, ,,მელოდე“, ,,ჯექი წყნარად“, ,,მთვარე“, ,,მახსოვს“ ...
მან სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი ხშირად აგზავნიდა დაწერილ ლექსებსა და წერილებს სამშობლოში, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:
,,წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურგანს.
და სამი წელი ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისი“.
მირზა გელოვანის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირისა და რუსთაველის სახელობის პრემია. თბილისში ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.